სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მას უჩნდება განცდა, რომ ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილი დაამცირონ, მისი ღირსება შელახონ და ექსპრეზიდენტი მორალურად გატეხონ.
ამის შესახებ ომბუდსმენმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოველდღიურად ვრცელდება სააკაშვილის ღირსების შემლახავი ინფორმაცია.
„ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციები და კადრები ნამდვილად მიჩენს მე იმის განცდას, რომ საქმე გვაქვს, სულ მცირე, იმის მცდელობასთან, რომ ის დაამცირონ ან მორალურად გატეხონ, რაც ნამდვილად არ გამოიყურება ღირსეულად.
დაწყებული იმით, რომ მან დაიწყო კვება და გვახსოვს, რაც მოჰყვა მომდევნო დღეების განმავლობაში – საუბარი, რომ ეს არ არის შიმშილობა, რომ, თურმე, ჭამს და ა.შ, რაც არ არის სიმართლე. თავად პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ შიმშილობის ის ფორმა, რაც არის სრული შიმშილობა, არც ერთი დღე არ შეუწყვეტია და მთელი ეს კამპანია ემსახურებოდა, ჩემი აზრით, იმას, რომ მორალურად დაეთრგუნათ ან დაემცირებინათ.
ასევე, გადაყვანის მთელი ფაქტი იყო ღირსების შემლახავი. ჩვენ აქამდეც ვამბობდით – სანამ პაციენტი საღ გონებაზეა, მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება გაკეთდეს სამედიცინო მანიპულაცია და ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოხდეს, როდესაც ინფორმირებული თანხმობის გაცემა არ შეუძლია პაციენტს და დგას გადაუდებელი საჭიროება. ასეთი საჭიროება გუშინ არ იყო. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ მიხეილ სააკაშვილს გლდანში გადაიყვანდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იქნებოდა საღ გონებაზე და უარყოფდა ამ სურვილს.
ალბათ, ამ ვითარებაში ყველაზე მძიმე ის არის, რომ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი მდგომარეობის შესახებ ისეთი ინფორმაციის გაშუქებას, რაც მის ღირსებას შეურაცხყოფს. ჩემთვის ეს ნამდვილად მიუღებელია და როგორც პროფესიულად, ასევე ადამიანურად ყველაზე დიდ აღშფოთებას ეს იწვევს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.