ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეგზარქიის მღვდელმსახური ილია ჭიღლაძე სასულიერო პირთა ნაწილს, რომლებიც პანდემიას „ბოლო ჟამს” უკავშირებენ „ცრუმეტყველებასა” და პანიკის დათესვაში ადანაშაულებს.

„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი.

პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია, რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწმუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება”, – წერს დეკანოზი Facebook-ზე.


დღეს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი იმისათვის, რომ დედამიწაზე ფულის ერთეული გაქრეს, როგორც ეს, მისივე თქმით, წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი.

„ციფრულ ფულს მერე ხელში და შუბლში ჩაგიდებენ”, – განაცხადა მღვდელმთავარმა.

12 იანვრის ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომ „მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის”.