ყოველი შემდგომი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის - ჩხაიძე ამაღლობელზე

პუბლიკა

ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგი კლინიკის პირობებში გაგრძელდება. მისი თქმით, ამაღლობელისთვის გადაადგილება მარტივი არაა, თუმცა ცდილობს იმოძრაოს. ექიმის განცხადებით, ამ დრომდე პაციენტს გონების კარგვის შემთხვევა არ ჰქონია.

„ხანგრძლივ შიმშილობის პროცესი არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და ყოველი დღე გაგრძელებული შიმშილობის ეს არის დაკავშირებული რეალურ შესაბამის გართულებასთან – ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ცხიმების წვა, ცილების წვა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა რა თქმა უნდა, მზადაა და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. […] მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას, შიმშილის ეფექტს 31 დღის განმავლობაში. […] რა თქმა უნდა, [გადაადგილება] არაა მისთვის მარტივი, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს და უფრო აქტიური იყოს და იმოძრაოს. მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველი შემდგომი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულებების“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.


„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 1

1 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.