კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ჯერ ჩინეთთან, შემდეგ კი ირანთან. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მხოლოდ ამის გამო ქვეყნის ეკონომიკა ყოველთვიურად 30 მილიონი ლარის ზარალს ნახავს.
მისი აზრით, ტურისტების შემოსვლა შემცირდება სხვა ქვეყნებიდანაც, რასაც დამატებითი ნეგატიური ეფექტი ექნება. თუმცა, თურნავა, რომელმაც 26 თებერვალს ეკონომიკის ზარალზე ისაუბრა, იმედოვნებს, რომ ვირუსი მალე გადაივლის და საქართველოს ეკონომიკა გამოწვეულ ზიანს მარტივად გადაიტანს.
დაახლოებით რა ზარალს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას ვირუსი მთლიანობაში, ვის დააზიანებს ყველაზე მეტად და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ რიგით მოქალაქეებს?
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას აზრით, კორონავირუსის ქართულ ეკონომიკაზე გავლენის მასშტაბი ამ ეტაპზე მცირეა, თუმცა ამ მასშტაბითაც, სავარაუდოდ, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში 15 %-იანი დანაკლისი იქნება და კორონავირუსისგან მოსალოდნელი ყოველთვიური დანაკარგი 130 მილიონამდე გაიზრდება. მათ შორის:
- ფულადი გზავნილები – შესაძლოა შემცირდეს დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარით, გამომდინარე იმ არსებული და შესაძლო სირთულეებისგან, რომლებსაც ქართველი დასაქმებულები (იტალიაში, რუსეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში) განიცდიან.
- ინვესტიციები – შემცირდება დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარამდე (ბოლო 7 წლის პირველი კვარტლების გასაშუალოებული მონაცემების საფუძველზე), ვირუსისა და მასთან ერთად საარჩევნო წლის ფაქტორიდან გამომდინარე.
- ტურიზმის ინდუსტრია – სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაექვემდებარება მოცემულ საგარეო შოკს. ჭარაიას თქმით, ყოველთვიურად საქართველოს მხოლოდ ხმელეთის მეზობელი ქვეყნებიდან ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს, რაც მათი საშუალო დანახარჯისა და ჩვენ მიერ აღებული 15%-იანი პირობის შემთხვევაში დაახლოებით 40 მილიონიან დანაკარგს უდრის. ამას თუ დავუმატებთ იტალიასთან ფაქტობრივად შეჩერებულ ავიამიმოსვლას, ჩაკეტილ ირანს და ჩინეთს – დანაკარგი კიდევ 40 მილიონით გაიზრდება, ჯამში მხოლოდ ამ 7 ქვეყნიდან დანაკარგი 80 მილიონ ლარს მიაღწევს.
მთლიანობაში, ამ მასშტაბით, რაც ყოველთვიურ 130 მილიონიან ზარალს უდრის, ვახტანგ ჭარაიას აზრით, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს საკმაოდ დიდ ზარალს. იქნება სირთულეები კონკრეტულ სექტორებში. მაგალითად, ტურიზმის დარგში – სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს შეუმცირდებათ შემოსავალი, მაგრამ მთლიანობაში ეს არ იქნება ის ზარალი, რომ მათი გაკოტრება გამოიწვიოს. ასევე არ იქნება იმ ოდენობის ზარალი, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავის ჯიბეზე იგრძნოს.
„დროსთან ერთად მნიშვნელოვანია, რა მასშტაბს მიაღწევს ვირუსის გავრცელება. თუ იგივე მასშტაბით გაგრძელდა, რაც დღეს არის, ვერ შექმნის რადიკალურ პრობლემას. 130 მილიონამდე პოტენციური ზარალი იქნება, მაგრამ ეს არ არის ის რიცხვი, რომელიც ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის.
მაგრამ თუ გაიზრდება მასშტაბი და ვირუსი გავრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობენ ქართველები, მათ შეექმნებათ ფულის გამოგზავნის პრობლემა. ასევე, მაგალითად, თუ აზერბაიჯანში დაეცა ნავთობის ფასი, მათ შეიძლება ვეღარ მოიცალონ ინვესტიციებისთვის“, – ამბობს ვახტანგ ჭარაია „პუბლიკასთან“.
იმოქმედებს თუ არა ვირუსი ლარის კურსზე?
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ – არა. პაპუნა ლეჟავას აზრით, თუ, ერთი მხრივ, ტურისტების კლება შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, მეორე მხრივ, ქართველი ტურისტებიც ნაკლებად გავლენ ქვეყნის გარეთ.
შესაბამისად, ლარზე ზემოქმედება დაბალანსებული იქნება და მის გაუფასურებას ან გამყარებას კორონავირუსიდან გამომდინარე არ ელოდებიან. თუმცა, ვირუსის გავრცელებამ პროგნოზებიც გარკვეულწილად შეიძლება შეცვალოს.
იმავეს ფიქრობს ვახტან ჭარაიაც. თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ლარის კურსის ცვლილებას პირდაპირ არ იწვევს. რადგან ამ შემთხვევაში, მაგალითად, ტურიზმის შემცირება იმპორტზე დამოკიდებულებასაც ამცირებს, ასევე ამცირებს მოთხოვნას დოლარზე, რაც ლარის გაუფასურებას ხელს არ შეუწყობს. ასე რომ, უარყოფითი ფაქტორები ერთმანეთს აბალანსებს.
„ასევე, დიდი ალბათობით ამას დაემატება ისიც, რომ ქართველი ვიზიტორები, რომლებმაც გასულ წელს საზღვარგარეთ 2,1 მილიარდი ლარი დახარჯეს, ახლა ნაკლებად გავლენ საზღვარგარეთ და ფულს დაზოგავენ ან ადგილზე დახარჯავენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში შეამცირებენ დოლარზე მოთხოვნას.
ჯერ არ გვაქვს იმდენი მონაცემი, რომ ვთქვათ, ზუსტად როგორ აისახება ლარზე ეს პროცესი, მაგრამ მიმდინარე ტენდენციით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ჭარაია „პუბლიკასთან“.
რა პოზიცია აქვს ეკონომიკის სამინისტროს ვირუსისგან მოყენებულ ზარალზე?
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისთვის ვირუსის მიერ მიყენებული ზარალის გამკლავების გეგმაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. სამინისტროს მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული კომენტარით, უწყება ამჟამად იკვლევს ვირუსის პოტენციურ გავლენას ქართულ ეკონომიკაზე და დაანგარიშების შემდეგ მას ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს.
„მოგეხსენებათ, ეკონომიკური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თავად ვირუსის სეზონურობასა და გავრცელების არეალზე“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
ვახტანგ ჭარაიას თქმით, ჯერჯერობით ეკონომიკის სამინისტროს მიერ აქტიური ჩარევის საჭიროება არ დგას და აქტიური ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ მოუწევს, თუ რომელიმე სექტორი იმდენად მძიმე ზარალს ნახავს, რომ ბიზნესოპერატორებს გაკოტრების საფრთხე შეექმნებათ.
„მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს. უფრო საგანგაშო სახეს თუ მიიღებს ეკონომიკა, მაშინ შეიძლება. მაგრამ იმ დანაკარგებით, რაც ახლა გვაქვს, ჩარევა არ არის სასწრაფო და კონკრეტული ბიზნესების გადარჩენის საკითხი არ დგას.
თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ვეხმარებით ეკონომიკის ერთ დარგს, უნდა დავეხმაროთ სხვებსაც“, – დასძენს ჭარაია „პუბლიკასთან“.
გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.