საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“ „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ.
როგორც ინფორმაციაშია მითითებული, გამოცდაზე გასვლის საფუძველი არ იქნება ოპერაციული ჩარევა, პროთეზირება, კორექცია ან სხვა რაიმე გზით დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მიღწევა. აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ექნება უფლება, მართოს დასახელებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
ბრძანებაში ცვლილების შეტანამდე, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“ და „A1“ კატეგორია/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ენიჭებოდათ, ხოლო, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჰქონდათ.
შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, ასევე, „მართვის მოწმობების შესახებ“ ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივის მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს სმენის დაქვეითების შემთხვევაში რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესებას „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის.