ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი

პუბლიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისას ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა.

„მოვდიოდი და რაც შემხვდებოდა, იქ ვაპირებდი გაჩერებასო. მას ჰქონდა ხელში ხელყუმბარის დიზაინის პატარა სანთებელა და პისტოლეტიც, მხოლოდ ხმოვანი. არავისზე არ უძალადია, არავის უხეშად არ მოპყრობია. მახსოვს თავიდან ბევრნი იყვნენ, ვინც მეუბნებოდა წავალო, მე არავის არ ვუკრძალავდიო“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ „ტვ პირველთან“.

გუშინ, 20 ნოემბერს 19:00 საათისთვის წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა პირი. შსს-ს ინფორმაციით, მან 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი თავის მოთხოვნებს ასახელებდა. მოითხოვდა, რომ პარლამენტში შეკრებილიყვნენ დეპუტატები და მიეღოთ სამი კანონი.

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი. ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა თავდამსხმელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.