ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. მანამდე ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე ჟურნალისტებს ესაუბრა.
„მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გახლავთ პომპეოსი საქართველოში, მართლაც, ისტორიული და მადლობელნი ვართ პირველ რიგში ამერიკის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის, რადგან მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისინი მუდმივად დგანან საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე.
ამასთანავე ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართულმა არასმთავრობო ოარგანიზაციებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ, არაფორმალური მმართველობა რამდენად საფრთხე გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის.
ვფიქრობთ, ის საკითხები დავაყენეთ, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას და ა.შ.“ – განაცხადა ნინო ევგენიძემ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქს, ილია II-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკაშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საინფორმაციო, მდუმარე აქცია გამართეს პლაკატებით ხელში, წარწერებით, არჩევნები გაყალბებულია.