ყურადღება მიექცევა საზოგადოების ქცევას - წულუკიანი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვას, მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ვინაიდან, საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური.

„ვადა, ჯერ კიდევ აქვს უკვე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას. როგორც კი დრო მოახლოვდება, რა თქმა უნდა, მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და შემდეგ უკვე, სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები, იმისდა მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისათვის საჭირო იმისთვის, რომ სწორედ ასევე ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა მხედველობაში იქნება მიღებული  საზოგადოების ქცევა. თუკი წესებს იცავს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი და დანარჩენი ნაწილი არ იცავს, გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს სხვაგვარი.

„ეს დღეს მხოლოდ არის ვარაუდები, სპეკულაციები. მთავარი, რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება, როგორც კი [ვადის] ამოწურვასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.