რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი თბილისში მისი ჩამოსვლსი შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. პოზნერი წერს, რომ წუხანდელ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან აქციის მონაწილეებისთვის ყურადღების დათმობა მათთვის „ზედმეტად დიდი პატივი იქნება“.
„მსურს აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არავის კომენტარი იმაზე, თუ რაც მოხდა თბილისში, რატომ არ დავთანხმდი არავის მოწვევას გადაცემაში მიმეღო მონაწილეობა.
ახსნა უბრალოა და ჩემთვის მარტივი ჭეშმარიტება: ის ხალხი, ვინც ეს შაბაში [შეკრება] მოაწყო ყურადღების ღირსები არ არიან. ზედმეტად დიდი პატივია მათთვის. ესაა მიზეზი, თუ რატომ ვარ და ვიქნები ჩუმად“, – წერს პოზნერი.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.