ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების თანახმად თავდამსხმელი „საქართველოს ბანკში“ 9 სექტემბერს შეიჭრა და 500 000 დოლარი მოითხოვა. მას თან ჰქონდა ხელყუმბარა და რამდენიმე ადამიანი აიყვანა მძევლად.
თავდამსმხელი ბანკში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პროკურატურამ მას ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.
ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.