ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ორ კერაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების განცხადებით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ ყოფილა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ყვარლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ახალსოფლის სიახლოვეს, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინეს“, –  აცხადებს უწყება.

მათივე თქმით, ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ კერად, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე და რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის სამუშაოები ცოცხალმა ძალამ ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით დაიწყო.

„სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალსოფლის ტყეში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.