დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებული ორენოვანი ცნობა.
„დღეს და ხვალ ჩვენი საწყობიდან ვაქცინა განაწილდება და ჩავა ყველა რეგიონულ და მუნიციპალურ ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, სადაც არის ეს ცივი ჯაჭვის სისტემა და მათი კოორდინირებით დაიწყება აცრები. ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება 3 ადამიანისგან. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პორტალზე ყოველდღიურად გამოქვეყნდება აცრილთა რაოდენობა.
„ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მესამე, რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები. შემდგომ, ჩვენს პორტალზე ყოველდღიურად გამოქვეყნდება აცრილთა რაოდენობა და ყოველკვირეულად მოხდება ვაქცინაციის პროცესის შეჯამება. ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინაცია გახლავთ უფასო. ამ პროცესს აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია – შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე, უწყების ცნობით, COVAX-პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
„ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.
ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.