ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხები ტექნიკურია და თანამშრომლობით მოგვარდება.
„ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს აკეთებს საიმისოდ, რომ ჩვენი სამედიცინო სექტორი განვითარდეს. განსაკუთრებით ის დაწესებულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პანდემიასთან ბრძოლაში. მათ შორის ერთ-ერთი მოწინავეა ინფექციური საავადმყოფო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთი ტექნიკური საკითხი მოგვარდება. მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ახალი შენობა შეიძინონ. მთავრობა ძალიან ძლიერად უდგას გვერდში ყველა ინფექციონისტს დღესდღეობით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ინფექციურ საავადმყოფოს“. – განაცხადა ნათია ნათურნავამ.
გუშინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კლინიკამ კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. ცერცვაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცერცვაძის განცხადებაზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია, დაჯარიმდება თუ არა ცენტრი პაციენტების მიღების შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს შესახებ შეკითხვაზე უპასუხა, რომ აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია. ეს კი შესაძლოა ცენტრის დაჯარიმების საფუძველი გახდეს.