ყველა დარღვევა უნდა გამოიძიონ, ეს არის გადამწყვეტი მომენტი - ევროპარლამენტარები

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევა უნდა გამოიძიონ და აღმოფხვრან.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა მათი ჩართულობა და ერთგულება დემოკრატიის მიმართ, არა მხოლოდ დიდი რაოდენობით არჩევნებში მონაწილეობით, ასევე, ამ არჩევნების დაკვირვებაში აქტიური მონაწილეობითა და დარღვევების გამოვლენით.

ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებებით, რომელიც მოიცავდა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციასაც, ეს არჩევნები დააზიანა ამომრჩეველზე ზეწოლის ცნობებით, უთანასწორო საასპარეზო გარემოთი, პოლარიზებული მედიაგარემოთი და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციით. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებს შორის, იყო ძალადობის, მოსყიდვის, ორჯერ ხმის მიცემის, მედიისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნების შიგნითა და გარეთ ამომრჩევლების დაშინების შემთხვევები. ყველა გამოვლენილი დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ და აღმოფხვრან შესაბამისი საჩივრებისა და გასაჩივრების პროცედურების ფარგლებში.

ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის. ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა 2023 წელს, პროცესი, რომელიც დე ფაქტო შეჩერებულია უცხოური აგენტების კანონის მიღების შემდეგ. საქართველოს მოქალაქეები მუდმივად აჩვენებდნენ, რომ მათ უნდათ დემოკრატიული საქართველო იყოს ევროკავშირში.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება მშვიდობიანი და დემოკრატიული, დაუყოვნებლივ გადადგმული ნაბიჯები კი საქართველოს დააბრუნებს ევროპულ გზაზე და ქართველების მისწრაფებებს აასრულებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვებასა და მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების წინსვლას“, – აღნიშნულია განცხადებაში.