ყველა დათხოვნილი თანამშრომელი აღდგეს სამსახურში - მიმართვა დედოფლისწყაროში ნავთობკომპანიას

პუბლიკა

17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” დედოფლისწყაროში დასაქმებული 80-ზე მეტი თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა, – ამის შესახებ განცხადებას „სოლიდარობის ქსელი”, მეტროს პროფესიული კავშირი „ერთობა” და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ნოემბერში, დასაქმებულებმა ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ორი წლის განმავლობაში დაგროვილ 11 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.  დასაქმებულების მიერ გამოხატული საჯარო პროტესტის  მიუხედავად, კომპანიამ არ დააკმაყოფილა მათი სამართლიანი მოთხოვნა და წინასაახალწლოდ 80-ზე მეტი თანამშრომელი  სამსახურიდან დაითხოვა. ამასთანავე, გათავისუფლებული მშრომელებისთვის კომპანიას ბოლო სამი თვის ხელფასი ანაზღაურებული არ ჰქონია.

„ათწლეულებია, რაც დედოფლისწყაროში ადამიანები დასაქმებული არიან ნავთობის მოპოვების სფეროში. მუშაობდნენ მანამდეც ვიდრე კომპანია „ფრონტერა“ დაიწყებდა საქართველოში საქმიანობას. ეს საბადო იმ ცოტა ადგილთაგანია, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალას დღესაც საჭიროებს. წიაღისეულის მოპოვება ადგილზე არა მხოლოდ დასაქმებულების, არამედ დასაქმებულებთა ოჯახების შემოსავლის  ერთადერთი წყაროა. სხვა სტაბილური დასაქმების ადგილები დედოფლისწყაროში ფაქტობრივად არ არსებობს.  სწორედ ამ საბადოების გამო ადგილობრივები თავს მეტნაკლებად დაცულად გრძნობდნენ, მაშინ როცა საქართველოს რაიონების უდიდესი ნაწილი სამუშაო ადგილებისა და უპერსპექტივობის გამო ცარიელდება. მშრომელების ოჯახები ხელფასისა და საარსებო პირობების გარეშე არა ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, არამედ უცხოური კომპანიის დაუდევრობის გამო დანრჩნენ. რაც არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერები მოითხოვენ:

  • არა მხოლოდ დავალიანების, არამედ დეკემბრისა და იანვრის ხელფასის მყისიერ ანაზღაურებას მშრომელებისთვის.
  • ყველა დათხოვილი თანამშრომლის აღდგენას სამსახურში.
  • მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა კომპანია „ფრონტერამ“ შეწყვიტოს დედოფლისწყაროში საქმიანობა;

განცხადებას ხელს აწერენ:

სოლიდარობის ქსელი;

„ერთობა” – მეტროს პროფესიული კავშირი;

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

გაეცანით განცხადებას სრულად ბმულზე;