„ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული" - კალასი და კოსი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი, ასევე, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო.

ისინი საუბრობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალაზე და მიუთითებენ, რომ ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული.

„ევროკავშირი სინანულს გამოხატავს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე.

აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ცვლილებას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკისგან და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიული უკუსვლამ დე-ფაქტოდ შეაჩერა გაწევრების პროცესი ჯერ კიდევ ამ წლის ივნისში და ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ მიემართებოდა საქართველოს ხელისუფლებას, ამჟამად შეჩერებულია.

საქართველოს ხალხი კიდევ გავიდა ქუჩებში, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრების მიმართ. ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს მთავრობის ასეთი ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და თავი შეიკავოს ძალადობის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც გამოვლინდა ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე და მისი მიმდინარეობისას. ამ კონტექსტში ევროკავშირი ელის ეუთოს/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და მის რეკომენდაციებს.

ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ ევროპულ არჩევანს. ევროკავშირში გაწევრების კარის გზა კვლავ ღია რჩება და საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან და გაწევრების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია”, – აღნიშნულია განცხადებაში.