„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს დღეს ბრიფინგზე ჟურნალისტმა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადების შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც ნათელაშვილმა უპასუხა, რომ ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც ოპოზიციას ურჩევს, შევიდეს პარლამენტში, არის საქართველოს არაკეთილმოსურნე და ევროპის მტერი.
„სამწუხაროდ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევენ არა ქართველ ხალხთან ურთიერთობასა და ხალხის მხარდაჭერას, არამედ მათ სურვილი აქვთ, ჩვენი ქვეყანა იმართებოდეს ე.წ პოლიტიკური ელიტების მეშვეობით და ამ ელიტების მმართველობამ საქართველო არაერთხელ მიიყვანა კატასტროფამდე. იმედია, ეს აღარ განმეორდება. ყველა ევროპოლიტიკოსი, ევროჩინოვნიკი, ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის არა მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე, არამედ ევროპის მტერიც, რადგან ევროპაში ის არ აჩენს და ტოვებს პოლიტიკურ კორონას ივანიშვილის რეჟიმის სახით, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, იყოს გადამდები მთელი კონტინენტის მასშტაბით, მით უფრო, თუ ამ კორონების უკან დგას პრეზიდენტი პუტინი თავისი უზარმაზარი იმპერიით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ყველას მოუწოდებს, პარლამენტში ადგილები დაიკავონ და თუ არჩევნების გაკრიტიკება სურთ, მაშინ ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან უფრო რელევანტურია.