ყველა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს - პრემიერი

პუბლიკა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ესპანეთში ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა ევროპელი ლიდერსიგან მიიღო დასტური, რომ საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ.

„მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან,  მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ევროპელ ლიდერებს მან უთხრა, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, „თუნდაც იგივე რუსეთისთვის და  სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად,  რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან“.

„ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოქცნენ და მოეპყრან. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. ის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა. რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.