საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი მუქარა და მნიშვნელოვანია, სამართალდამცავებმა ეს საქმე გამოიძიონ დროულად და გამოძიება იყოს შედეგიანი.
„რა თქმა უნდა, ყველანაირად სოლიდარობას ვუცხადებ სამირა ბაირამოვას. მას ვიცნობ კიდეც. როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, პირადადაც მქონდა მასთან შეხვედრა. ყველანაირად ვუცხადებს გვერდში დგომას და მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს საკითხი მალე გამოიძიონ.
ამავე დროს… მე როგორც ვიცი, სოციალური ქსელით იყო ეს მუქარები გაჟღებული. ზოგადად, ის, რაც ხდება ქართულ სოციალურ ქსელში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. განსაკუთრებით ეს შეეხება ხოლმე აქტიურ ადამიანებს. ვინც კი არის საზოგადოებრივად აქტიური, ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და ჰეითერული კამპანიის სამიზნე, ამიტომ ესეც საკითხია, რომ ჩვენი საზოგადოება, ზოგადად, უნდა დაფიქრდეს ამაზე, რომ ის სიძულვილი, რაც სოციალურ ქსელში არის ხოლმე ხშირად, რაიმენაირად უნდა შეიბოჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტს აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება. ის აცხადებს, რომ ამის შემდეგ მუქარის შეტყობინებებს იღებს.