ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დახურულ შეხვედრაზე უნდა მოგვაწოდონ, გახადონ საჯარო – „ოცნება“ ISFED-ს

პუბლიკა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 29 იანვრის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

პაპუაშვილის განცხადებით, ISFED-ის განმეორებითი პარალელური დათვლის შედეგებით დადასტურდა, რომ 1 ნოემბერს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან ორივე მცდარი აღმოჩნდა.

„ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ორგანიზაციას, თუმცა. პაპუაშვილმა მოუწოდა ISFED-ს, ყველა ინფორმაცია გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის და შეეწინააღმდეგონ, მისი თქმით, დეზინფორმაციის კამპანიას.

„დადასტურდა, რომ 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის ორი ძირითადი მიგნებიდან, ორივე აღმოჩნდა მცდარი, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო პარალელური დათვლის შედეგების შეჯამების პროცესში პროფესიული სტანდარტის დარღვევით. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეტენზია ზოგიერთი უბნის შესწორების ოქმის მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი დღემდე არ ასაჯაროებენ იმ კონკრეტულ უბნებს, რომელთა მიმართაც მათ აქვთ პრეტენზია. ამის ნაცვლად, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს და აუხსნან მათი პრეტენზიის არსი. საზოგადოებას აქვე შევახსენებთ, რომ შესწორების ოქმი არის იმავე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, როგორც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმი და რომ მასაც ხელს აწერენ იგივე კომისიის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, შევხვდეთ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს, თუმცა, ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, თუ რა რეზონანსი მოჰყვა მათ თავდაპირველ მცდარ ინფორმაციას და შემდეგ მის ეტაპობრივ შესწორებას, მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განსაკუთრებულად იზრუნოს ამ საკითხის გარშემო რაც შეიძლება მეტ გამჭვირვალობაზე და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ, რომ დახურულ შეხვედრაზე მოგვაწოდონ, ასევე გახადონ საჯარო საზოგადოებისთვის. ამით ისინი, საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ეფექტიანად შეეწინააღმდეგებიან იმ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელსაც დღემდე ეწევა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის გამოყენებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის…

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ორშაბათი, 01 თებერვალი, 2021