ყველა კანდიდატის დასახელება „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებს იმას, რომ ლობირება გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატებს შორის არიან ისეთი პირები, რომლებსაც შეიძლება „ქართული ოცნება” მალულად ლობირებს და უჭერს მხარს, ის, რომ ყველა იქნება დასახელებული, „ქართულ ოცნებას” გაუმარტივებს იმას, რომ ლობირება გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატს,”, – განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო” კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერს იმ კანდიდატებს, რომლებიც დასახელდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
„მათ ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს ასევე იმ წესითაც, რომელიც მოიგონა „ქართულმა ოცნებამ”. ამიტომ ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატები იქნებიან საუკეთესო ამ პოსტზე”, – აღნიშნა მან.
პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტისთვის 19 კანდიდატის, ანუ ყველა იმ პირის წარდგენას გეგმავს, რომლებმაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთვის განაცხადი შეიტანეს.
პროცედურის მიხედვით, 9-კაციანი კომისიის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან ფრაქციების და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანს ჯგუფს შეეძლება, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებიც არ უნდა იყვნენ 7-ზე ნაკლები.