ყველა კანდიდატმა იცის ფასი ქალბატონისა და მისი მონაწილეობისა პოლიტიკაში - ვოლსკი

პუბლიკა

„ძალიან გული მწყდება, რომ  მხოლოდ ერთი ქალია მაჟორტარებიდან, თუმცა მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი არის ის ადამიანი, ვინც იცის ფასი ქალბატონის და ქალბატონების მონაწილეობისა პოლიტიკაში”, – ასე უპასუხა გია ვოლსკიმ, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა, კითხვას, თუ  რატომ არის მხოლოდ ერთი ქალი „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი აზრი გვექნება როდესაც სიის შედგენაზე დავიწყებთ მუშაობას”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

როგორც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, პროპორციულ სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ჯერ მზად არ არის.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა „ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებმაც პრაქტიკულად ის, რაც ხშირად მქონია ოცნებად, აქციეს რეალობად. ეს არის ის, რომ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებით უზრუნველყოფილია საარჩევნო სიაში უფრო მეტი ქალი კანდიდატის მონაწილეობა. ეს არის ძალიან დიდი სიახლე და წინსვლის საფუძველი. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამომრჩევლის მეორე ნაწილი, ქალები, იყვნენ მეტად წარმოდგენილნი 2020 წელს არჩეულ პარლამენტში”, – განაცხადა წულუკიანმა.


„ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

„ოცნების” მიერ წარდგენილი 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია – ნინო ლაცაბიძე.

ნინო ლაცაბიძე ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია. მისი წარდგენისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ლაცაბიძე პოლიტიკურ საქმიანობას „წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”.