ყველა პოლიტიკური ძალა და საპატრიარქო ამ სპეკულაციით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას | სათემო ორგანიზაციები

პუბლიკა

ქვიარ თემის წევრები და სათემო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 12 ივლისს გაკეთებულ განცხადებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილის განცხადება ემსახურება ქვიარ თემის პარტიულ მონიშვნას, ინსტრუმენტალიზაციას და გამოყენებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. განცხადება სათემო ორგანიზაციებმა წუხელ, 12 ივლისს გაავრცელეს.

„მცდარია მისი სპეკულაციური მტკიცება, რომ ქვიარ თემი არის კულტურულად და პოლიტიკურად ერთგვაროვანი ჯგუფი, რომლის უკან დგას ოპოზიციური პარტიები. ქვიარ ადამიანები ვართ საზოგადოების წევრები, სხვადახვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი, და ვინმეს პოლიტიკური არჩევანი არავის აძლევს ძალადობის ლეგიტიმაციის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სათემო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ უარყო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა 5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე, თავიდან აირიდა პასუხისმგებლობის აღება ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის, როგორც მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების, დარღვევის ხელშეწყობაზე.

„უმრავლესობის ნებაზე აპელირება ტოტალიტარიზმის ლეგიტიმაციაა და არამხოლოდ საფრთხეს გვიქმნის ქვიარ ადამიანებს, რომლებიც უკვე გავხდით მოძალადე ჯგუფების დევნის ობიექტი, არამედ, წარმოადგენს უმცირესობათა ხმების ჩახშობისკენ აშკარა და პირდაპირ მოწოდებას, ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავებას, პირდაპირ ახდენს ძალადობის ლეგიტიმაციას, არის საშიში ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და ძირგამომთხრელი კონსტიტუციური და დემოკრატიული წესრიგისა და სამოქალაქო მშვიდობისათვის“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პოზიციით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აგრძელებს წინა ხელისუფლების ჰომოფობიურ პოლიტიკას, მცდარ ინტერპრეტაციებს აძლევს ქვიარ ადამიანების საჭიროებებსა და წუხილს, ნერგავს სიძულვილს, რათა ჩაახშოს სოციალური წინააღმდეგობები.

„სათემო ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩვენი საქმიანობის მსგავს ინტერპრეტაციას, წლების განმავლობაში ვებრძვით ქვიარ თემით მანიპულაციას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დღეს ყველა პოლიტიკური ძალა, ისევე როგორც საქართველოს საპატრიარქო, სწორედ ამ სპეკულაციაზე დაყრდნობით ცდილობს განიმტკიცოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს საზოგადოების პოლარიზების დღის წესრიგი და წაგვართვას აგენტობა სოციალურ პროცესში“, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს და შემდგომ დღეებში განხორციელებული ძალადობათა ციკლი ჟურნალისტებისა და ქვიარ ადამიანების მიმართ, იყო დაშვებული და ხელშეწყობილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელმაც არ უზრუნველყო ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტით დანაშაულის ორგანიზატორთა იდენტიფიცირება, დასჯა, დანაშაულთა პრევენცია და მსხვერპლთა რეაბილიტაცია. ამ სასტიკი ძალადობის არ აღკვეთა და სამოქალაქო დაპირისპირების ხელშეწყობა პირდაპირ წარმოადგენს მთავრობის პასუხისმგებლობას.

განცხადებას ხელ აწერენ ორგანიზაციები:

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

თანასწორობის მოძრაობა

იდენტობა იუს

თემიდა