საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ შესავსებ კითხვარზე ისაუბრა.
კითხვარი საქართველოს და მოლდოვას დღეს გადმოეცემა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს კითხვარს ლუქსემბურგში გადასცემს.
პრემიერის შეფასებით, საქართველო ახალ ეტაპზე გადადის.
„მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ წევრობის განაცხადს, პროცესი დაწყებულია, ჩვენ მივიღებთ ამ კითხვარს და ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული და ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ შევსებული კითხვარი ბრიუსელს.
აქვე მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ის სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ამ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება – დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ „ქართულ ოცნებას“.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში შევადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას და ველოდები, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ტვიტერში წერს, რომ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ შესავსებ კითხვარს საქართველოსა და მოლდოვას დღეს გადასცემს.
უკრაინას შესაბამისი კითხვარი 8 აპრილს გადაეცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ის საზეიმოდ გადასცა.