ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და, შესაბამისად, ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულებაა ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება.

მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი ქმედებებით დავადასტურეთ, რომ ჩვენ ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და, შესაბამისად, ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, ელჩების როლი. რომ სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად, ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება არა მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნიდან არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტური, კონტრსაპასუხო მოქმედებები”, – განაცხადა პრემიერმა.