ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 ივლისს კავშირ „21-ე საუკუნის“ ინიციატივით, გაიმართა ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც 9 რელიგიური ორგანიზაცია მონაწილეობდა.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს კომპენსაციის მიცემაზე ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზიანი.

საპატრიარქოს განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ გადაწყვეტილებას და ემხრობიან საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ყველა კონფესიისთვის.

„ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა  ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ  და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა“, – წერს საპატრიარქო.

როგორც „პუბლიკას“ კავშირ „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გაჩეჩილაძემ, განუცხადა, ინტერრელიგიური ჯგუფის შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნეს ცვლილების ტექსტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის N117 დადგენილებაში უნდა აისახოს.

დადგენილების ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებით ისედაც იღებდა კომპენსაციას, საქართველოს მთავრობამ კიდევ 4 რელიგიურ ორგანიზაციას: ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომ­ხური სამოციქულო რელიგიურ ორგანიზაციას ნაწილობრივ უნდა აუნაზღაუროს მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში მიადგათ.

ხოლო ცვლილებების შემთხვევაში, როგორც „პუბლიკასთან“ პაატა გაჩეჩილაძე ჰყვება, დადგენილებაში რელიგიური ორგანიზაციების ჩამონათვალი აღარ იქნება. ჩამონათვალი შეიცვლება ტექსტით, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას ექნება საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

„ამ დადგენილების ნაკლოვანება იყო რელიგიური ორგანიზაციების დაკონკრეტება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რელიგიური ორგანიზაციების რაიმე ერთიანი რეესტრი. ძალიან რთულია სახელმწიფომ თავისით განსაზღვროს, რომელს მიადგა რეალურად ზიანი საბჭოთა პერიოდში და რომელს არა.

ჩვენ ავიღეთ ლიტვური მოდელი, რომლის მიხედვითაც, რელიგიური ორგანიზაციების დაკონკრეტების ნაცვლად, დადგენილებაში შედის ყველა ორგანიზაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე თავად რელიგიურმა ორგანიზაციამ უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და წარადგინოს მასალები, დოკუმენტაცია, რომელიც დაამტკიცებს მისთვის მიყენებულ ზიანს“, – ამბობს პაატა გაჩეჩილაძე „პუბლიკასთან“.

გაჩეჩილაძის თქმით, ცვლილება არ შეეხება იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც, მოქმედი დადგენილებით, სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას უკვე იღებენ.