ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათისათვის მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად - ცესკო

პუბლიკა

„ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათისათვის მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი“, – აცხადებენ ცესკოში.

„რაც შეეხება სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უკვე დაიწყეს ამომრჩევლების მომსახურება“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, დღეს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტებში, 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე. ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

„ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამასთან, საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. მისი არქონის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი“, – განაცხადა მიქელაძემ.

კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.

არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.