ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, რომ დამნაშავე აფხაზეთში ვერ შემოვიდეს – სოხუმი

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, გაემართა თუ არა ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი გამყოფი ხაზის მიმართულებით. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალების უფროსის, რუსტამ ლატიპოვის თქმით, თავდამსხმელის აფხაზეთში შესვლის აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებენ.

„სასაზღვრო სამსახურის ძალები რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ შემოვიდეს“, – განაცხადა რუსტამ ლატიპოვმა. ლატიპოვის თქმით, გასული ღამის განმავლობაში აფხაზეთში ავტომობილი არ შესულა.

21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა.

ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. უკანასკნელი ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.