ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთო განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადების ავტორები ულოცავენ საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად. აღნიშანვენ, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიისას და კენჭისყრის დღეს იყო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კი ზღვარი იყო წაშლილი.
ევროპარლამენტარების განცხადებით, კანდიდატებს თავისუფალი კამპანიის წარმოება შეეძლოთ და მოსახლეობას მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა. ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობაც. თუმცა, ყველა მტკიცებულებებით გამყარებული საჩივრის განხილვა სამართლიანად უნდა მოხდეს.
„დღეს, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ, ჩვენ სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და შენიშვნა, რომელსაც ექნება საფუძველი, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ყველა წვრილმანის გათვალისწინებით უნდა იყოს განხილული“, – წერენ ევროპარლამენტარები და აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება პირველი ტურის შემდეგ განვითარებულ პროცესებს, მათ შორის, მეორე ტურსაც.
განცხადების ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ ასევე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გადაიჭრას საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხიც.
ევროპარლამენტარები წერენ, რომ მედია და პოლიტიკური გარემო ისევ ძალიან პოლარიზებულია, რაც აისახებოდა ყველა მხარის რიტორიკაში. თუმცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ეს პოლარიზებაც შემცირდა.
განცხადებაში პოზიტიურადაა შეფასებული კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით სპეციალური უბნების შექმნა, რაც „დემოკრატიულ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას შორის კომპრომისული გზის პოვნა იყო“, – წერენ ევროპარლამენტარები და წუხილს გამოთქვამენ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეეზღუდა ხმის უფლება.
„ჩვენ ინტერესით მოველით ახლადარჩეულ პარლამენტთან თანამშრომლობას საქართველოს მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- დევიდ მაკალისტერი – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- მარინა კალიურანდი – ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე
- სვენ მიკსერი – ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ
- ვიოლა ფონ კრამონი – ევროპარლამენტის წამყვანი წევრი საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობისთვის.