ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ანტიკორუფციული ბიურო საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და საუბრის თემა იქნება ანტიკორუფციული პოლიტიკა.
მისივე თქმით, საუბარი იქნება ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც სექტემბერ-ნოემბრიდან შევა ძალაში.
„რა ცვლილებებია. თქვენ იცით, რომ საჯარო სექტორში არსებობდა ასეთი ცუდი პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოხელე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა. აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები…
მეორე კანონი ეს გახლდათ, როდესაც უკვე მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა. თუმცა აქაც იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი კორუფციული რისკები, ანტიკორუფციულ ბიუროს მიღებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, სადაც ყველა ასეთი დასაქმებული პირი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს….“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, შემდგომი ცვლილება ეს არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები.
როგორც ის განმარტავს, ეს სრულად არის სიახლე, რომლის მიხედვითაც, ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი.
შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.