"ყველა სიძულვილის ორგანიზატორ-წამქეზებლები მკვლელები ხართ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

პუბლიკა

“ყველა ადამიანზე მოძალადე და სიძულვილის ორგანიზატორ-წამქეზებლები რომ უკვე მკვლელები ხართ თუ შეანათა მაგ თქვენს ბნელ ტვინებში?” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე ფეისბუქზე.

მისი თქმით, “ყველა ეს იდიოტური ფრაზა: “ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ….” საბოლოოდ ნიშნავს ასეთ ტრაგედიას”.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.