ყველა თანხმდება, რომ შევდივართ რეცესიის პერიოდში და ამას ექნება მძიმე ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზეც – გახარია

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების მიზნით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გიორგი გახარიას თქმით, გამოწვევა უკიდურესად რთულია და გლობალური, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება. მისი თქმით, იმ მკაცრი ღონისძიებების გამო, რისი გატარებაც მთავრობას მოუწია, ბევრმა მოქალაქემ დაკარგა შემოსავალი და სამუშაო ადგილები.

„გამოწვევა არის უკიდურესად რთული და გლობალური. დღეს შეუძლებელია, ფაქტობრივად, როგორმე სწორი პროგნოზის გაკეთება, რამდენად მძიმე იქნება ზემოქმედების უარყოფითი შედეგები ეკონომიკაზე. ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან, ერთმნიშვნელოვნად ყველა თანხმდება, რომ შევდივართ რეცესიის პერიოდში და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ამას არ ჰქონდეს მძიმე ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც.

ეს არის საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ტენდენციის ზეგავლენა, თუმცა კარგად გვესმის, რომ მკაცრ ღონისძიებებს, რომლებსაც ახლა ვატარებთ, ვირუსთან ბრძოლისა და გამკლავების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მძიმე გავლენა ექნება ეკონიმიკაზე და ჩვენ არ ვართ ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის ზრდასა და იმ შემოსავლებზე, რომლებზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით. ყველას კარგად ესმის, რომ დღეს სახელმწიფო ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტს ფარგლებში.

პირველ რიგში ჩვენ გვესმის, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღო ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებების გამო, რომლებიც იძულებულია, მთავრობამ გაატაროს, ისევ მათი ჯანმრთელობის დასაცავად.  ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები და შემოსავალი. ამიტომ ამ ეტაპზე იძულებულნი ვართ, მაქსიმალურად ეფექტიანად და რაციონალურად გამოვიყენოთ ის მწირი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ გამოიყო 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის დასახმარებლად, სამუშაო ადგილებისა და კომპანიების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.