საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს და რუსეთთან უკრაინის ომში ქართველი ჯარისკაცები უკრაინელი ძმების გვერდით დგანან.
კასიანოვმა პრეზიდენტსა და მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.
„ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი იყო განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები. რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად არ დაინდეს არავინ, არც ბავშვები, არც ახალგაზრდები, არც ქალები, მაგრამ უკრაინამ შეძლო ყველაფრის გამკლავება.
უკრაინელი ხალხი არის ამ იდეის გარშემო გაერთიანებული და მიზნად ისახავს, გადალახოს პრობლემები. დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. ეს გვაძლევს შეუდრეკელ და უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და სხვადასხვა რესურსის მოწოდებით.
უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ, გაანადგურონ რუსი ოკუპანტები.
საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი და საქართველოს ეკლესია, რა თქმა უნდა, აწვდის თავშესაფარს იმათ, რომელთაც, ომის გამო, მოუწიათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება. ეს გამოიხატება ასევე ჰუმანიტარული დახმარებით.
ლადო აფხაზავამ, რომელიც გურიაშია მასწავლებელი, შეძლო თანხის შეგროვება, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინელი ბავშვები გაიხსენებენ და ემახსოვრებათ მათი ცხოვრების ბოლომდე ის დახმარება, რაც მათ სარეაბილიტაციოდ საქართველოს ეკლესიამ მიაწოდა.
ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური. სწორედ ეს გვაერთიანებს პუტინის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.
მსურს, გამოვხატო ჩემი მადლიერება, პირადად, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ. თქვენი სიტყვები არის უკრაინელი ხალხისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს აკავშირებდა.
ეს არის მიზეზი, თუ რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერად თავის პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს ქვეყანას“, – განაცხადა კასიანოვმა.