ყველა უნდა დაემორჩილოს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოციალური დისტანცირება არის ყველაზე ძლიერი იარაღი ინფექციასთან ბრძოლის, ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას ეს რეკომენდაცია.

„საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაში, მეტი რა ჩანაწერი უნდა იყოს.  ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ დღეს, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში, ამიტომ, ყველა უნდა დაემორჩილოს დღეს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს.

თქვენ ხედავთ, რომ თბილისის ქუჩები დაცარიელებულია, ანუ საზოგადოების უმრავლესობა ითავისებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ვართ და იმ საშიშროებას, რაც შესაძლებელია, ქვეყანაში დადგეს და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ამისთვის. არ მინდა განმეორდეს ის, რაც მოხდა დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. თუ ჩვენ დავიცავთ ყველაფერ იმას, რაც დღეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში უნდა განხორციელდეს, დიდი ალბათობით, ავუვლით გვერდს ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ამიტომ, პირველ რიგში, აქ არის მთავარი საზოგადოებრივი თვითშეგნების გაზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.