თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, ნინო სანადირაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი განკარგულების ფოტო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. განკარგულებას ხელს კახა კალაძე აწერს. სანადირაძე თანამდებობას 8 აპრილიდან აღარ დაიკავებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ სამსახურიდან „ყველა წესისა და პროცედურის დარღვევით, ვადამდე 2 წლით ადრე გაათავისუფლეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან ცხადი იყო განწყობებიცა და შემოთვლითი მოთხოვნები, დამეტოვებინა დირექტორის პოზიცია, ამ დრომდე მხოლოდ კულუარულად ვიცოდი მოსალოდნელის შესახებ, რაც სულ რამდენიმე წუთის წინ, ელექტრონული სისტემით მიღებული დოკუმენტებით დადასტურდა. რადგან ყველა წესისა და სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გავთავისუფლდი დაკავებული თანამდებობიდან და არ მომეცა საშუალება, საჯარო ანგარიში ჩამებარებინა თითოეული მოქალაქისთვის – იმ ადამიანებისთვის, რომელთა გადასახადებით ბიუჯეტი ივსება და რომელთა შევსებული ბიუჯეტითა და დამფუძნებლის, იმავე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ნებით, უფლებამოსილების ფარგლებში განვკარგავდით სახელმწიფო ბიუჯეტს – ვცდილობ, მოკლედ მაინც მოვყვე ზოგად შედეგებს.
2016 წლის აგვისტოდან 2025 წლის 1 აპრილამდე ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა, გვემასპინძლა, მოგვემზადებინა და გვემუშავა შემდეგზე:
- 27,177 საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე;
- 1,654 საგანმანათლებლო პროგრამა
- 3,060 საფონდო ერთეული;
- 782 მედია გაშუქება;
- 37,363 ვიზიტორი;
- 34,451 დამთვალიერებელი;
- 1,565 შშმ პირი;
- 3,800 სოციალურად დაუცველი პირი;
- 510 გამოფენა და საჯარო ლექცია;
- 29,151 ღონისძიების სტუმარი;
- 7,976 ვიზიტორი International Museum Day-ის ფარგლებში;
- 5,739 IMD-ის დამთვალიერებელი;
- 3,668 IMD პროგრამის მონაწილე;
- 4,210 ექსკურსია.
არაერთი საერთაშორისო პროექტი და 6 საერთაშორისო კონფერენცია, საზაფხულო სკოლა, სტაჟირების პროგრამა, სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესის მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, ტრადიციული კონტექსტის აღდგენა და ისტორიული ნარატივების წინ წამოწევა, საფონდო საქმიანობა და კოლექციათა სისტემატიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო ლაბორატორიის დაარსება, სასწავლო პროგრამების შექმნა, სკოლის დაარსება და სხვა“, – წერს ის.
სანადირაძე ამბობს, რომ 7 აპრილს დაგეგმილი საჯარო ლექცია „მეხსიერების ტრანსფორმაცია და მეხსიერების პოლიტიკა“ აუცილებლად ჩატარდება.
თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ უარყო, რომ მერიიდან რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებთანაა კავშირში.