ყველაფერი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, თუ ვინმე რუსეთში პუტინს იმქვეყნად გაისტუმრებს - სენატორი გრეჰემი

პუბლიკა

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად რუსმა ხალხმა უნდა გამოასალმოს სიცოცხლეს. მისივე თქმით, ეს იქნება რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა.

სენატორმა მინიშნება გააკეთა იულიუს კეისრის მკვლელობაზე, ასევე კლაუს შტაუფენბერგზე, რომელმაც 1944 წელს ადოლფ ჰიტლერის მკვლელობა სცადა.

„ნუთუ ბრუტუსი არ არსებობს რუსეთში? ან უფრო წარმატებული კლაუს შტაუფენბერგი რუსულ ჯარში? ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, თუ ვინმე რუსეთში იმ კაცს იმქვეყნად გაისტუმრებს. ეს დიდ სამსახურს გაუწევდა როგორც თქვენს ქვეყანას, ისე მსოფლიოს“, – განაცხადა სენატორმა Fox News-ის ეთერში.

მოგვიანებით მან Twitter-ზე აღნიშნა, რომ „ერთადერთი, ვისაც ამ ყველაფრის მოგვარება შეუძლია, რუსი ხალხია. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად – რთული. თუ მთელი დარჩენილი ცხოვრება წყვდიადში არ გსურთ გაატაროთ, სიღარიბეში, იზოლირებულებმა დანარჩენი სამყაროსგან, მაშინ საჭიროა იმოქმედოთ“.