„ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია“ - ჰერჩინსკი სტატუსის მიღებაზე

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო რეფორმების შესრულების მხრივ სათანადო პროგრესს მიაღწევს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ნაბიჯების გადადგმა განაგრძოს.

„ევროკავშირი არის 27 სუვერენული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართველი მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას. ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89%. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია…ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია…ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა.


საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 12 პუნქტიდან ამ ეტაპზე სრულად შესრულებულია ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ კი – ოთხი, ხოლო შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.