საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასახელდა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც დღეიდან ქვეყანა უპირობოდ უხსნის საზღვრებს, ასევე დაასახლეს ქვეყნები, რომლებთანაც საზღვრებს ჯერ არ ვხსნით.
ამავე ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რა წესების დაცვა მოუწევთ საქართველოში ამ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს, ასევე – სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს და საქართველოს მოქალაქეებს.
რომელ ქვეყნებთან ვხსნით საზღვრებს უპირობოდ და როდიდან ?
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას.
- გერმანია
- საფრანგეთი
- ლატვია
- ლიეტუვა
- ესტონეთი
რა წესების დაცვა მოუწევთ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებს ?
ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, რომელშიც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.·
შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტი.
ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
რომელ ქვეყნებთან არ ვხსნით საზღვარს ?
ევროკავშირის წევრ დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. „აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.“ – ნათქვამი კანცელარიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯსაც თავად დაფარავენ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტის მოთხოვნა კვლავ ძალაშია
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მათ შორის იმ 5 ქვეყნიდანაც, რომელსაც 8 ივლისიდან უპირობოდ გავუხსენით საზღვრები.
საქმიანი ვიზიტით ჩამოსულებმა ყოველ 72 საათში ერთხელ ტესტი უნდა ჩაიტარონ
საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
როდის აღდგება რეგულარული ფრენა?
ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.