„მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე, საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რასაც აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აკეთებს, მიმართულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მიმართ ნათელი არჩევანის მხარდასაჭერად. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის ამ მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, მისცა ქართველ ხალხს პირობა საპარლამენტო არჩევნებში, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და რისკის ქვეშ აყენებს ამას, შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ელჩმა.
გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.