ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება და ეკლესია ერთობლივად მუშაობენ იმაზე, რომ იპოვონ „ოქროს ბალანსი“. გახარიას თქმით, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ არ დაირღვეს კანონი, მაგრამ ამავდროულად არ დაირღვეს ეკლესიის ფუნქციონირება, რადგან ეს ეკლესიისთვის ეგზისტენციალური საკითხია. ამიტომ მოქალაქეებმა თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფოზე, ისე ეკლესიაზე, რომელიც გახარიას თქმით, არ დაიხურება, მათ შორის, არც აღდგომის ღამეს.

„სახელმწიფოს პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: კანონი არ და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს. ისევე, როგორც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს თავისი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ვირუსთან ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, ოღონდ ისე, რომ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ამ თემაზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ასევე სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში. ისევე, როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. ჩვენ ეს კარგად გვესმის, გამოწვევა გახლავთ ზუსტად ის, რომ ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად ვმუშაობთ. ვმუშაობთ ყოველდღიურად თითქმის.

რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი არ არის. გარდა იმისა, იმ სამწუხარო კადრების, ზღვარს მიღმა კადრების, რაც ვიხილეთ, გარდა ამისა, მთელმა მსოფლიო იხილა ის კადრებიც, როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიებში მღვდელმსახურება ადამიანების დისტანციის დაცვით და ესეც გახდა სამაგალითო.

რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ მიდგომა ყველა აღმსარებლობის მოქალაქისადმი ერთნაირი იქნება. თუმცა, მისი თქმით, საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა და ინსტიტუციონალურად სხვადასხვა ჯგუფს შესაძლოა, განსხვავებული პრიორიტეტები მიენიჭოს.

„ეგზისტენციალურ თემებზე ვსაუბრობთ ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ყველას კარგად გვესმის, რომ  სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ამოცანი არის რა: პირველი – დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები. რაც ნიშნავს იმას, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველასთვის. მეორეს მხრივ არის ეკლესია, რომლის ეგზისტენციალური ამოცანაა ასევე, რომ ეკლესია არ უნდა დაიხუროს. რაც ასევე გასაგებია. ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ, უამრავი ათასწლეულიანი ისტორიით ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობის. დღეს ვართ განსაკუთრებულ, საგანგებო მდგომარეობაში – ომის და ბრძოლის. აქ გარკვეული პრიორიტეტები გასაგებია, რომ ინსტიტუციონალურად სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს სხვადასხვა ჰქონდეს.

მაგრამ ჩვენ, მე პირადად, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის. რადგან მოქალაქე ხვდება ერთ რამეს, კანონის და ჯანმრთელობის დაცვა გახლავთ სახელმწიფოს პირდაპირი და არა პოზიტიური პასუხისმგებლობა. ეკლესიის არ დახურვა და ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი ჩვენთვის პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის არის ასევე ეგზისტენციალური საკითხი. ასეთ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიას და მის მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოს მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის ის ოქროს შუალედი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის.

რა თქმა უნდა, მთავრობა და მე პირადად, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, რომ დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ მას იმ მდგომარეობაში, კრიზისულ სიტუაციაში რომ არჩევანი გააკეთოს.

ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, გადაწყვეტილების მიღების უნარი არა გვაქვს თუ არა გვაქვს უნარი, ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა  როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?! იდეალური იქნებოდა ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მოწოდება. ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.