ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა - ღარიბაშვილი ეკონომიკაზე

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გადადგომასაც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მოითხოვენ, განაცხადა, რომ იმ შეზღუდვების მოხსნამ, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იყო დაწესებული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა გამოიწვია.

„ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაზე, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა – 45%, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო არამხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, მთელი ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში გვქონდა ძალიან მაღალი ზრდა – 25%-ის ფარფლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა – ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15%-18%“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით, რამაც ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება გააჩინა

„ქვეყანაში გაიხსნა თითქმის ყველაფერი და მუშაობს წარმატებით. ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები. გუშინ, მაგალითად, ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი – ყველა რესტორანი, ყველა კაფე-ბარი. არამხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, ტურისტებით არის სავსე ბათუმი და ზოგადად, ჩვენი ტურისტული ადგილები.

აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მე მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა რაღაც შეზღუდვების შემოტანა. მე არც მინდა სიტყვა -დაკეტვა გავიმეორო და ა.შ… ყველაფერი მოვხსენით. მოვხსენით ნიღბის ტარების ვალდებულებაც ქუჩაში იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება“, – ამბობს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში იმაზე მეტი ვაქცინა ჩამოიტანეს, ვიდრე საჭირო იყო.