ყველაფერს გავაკეთებთ კრიზისის გადასაჭრელად, მაგრამ კომპრომისი პოლიტიკოსებმა უნდა მონახონ - დანიელსონი

პუბლიკა

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა. დღეს დანიელსონი ჯერ ევროპარლამენტარებს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ბოლოს კი საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდგ დანიელსონმა განაცხადა, რომ პირველი ვიზიტის დასრულების შემდეგ ის აქტიურად ესაუბრა ბრიუსელში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ყველა ინსტანციას. მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული და ცდილობს კრიზისის გადაჭრაში დახმარებას, მაგრამ მისი მოგვარების პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

„დღეს მთელი დღე იყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ ხვალ პოლიტიკურ პარტიებს შევხვდეთ. დისტანციურად შევხვდი 7 ევროპარლამენტარს იმისთვის, რომ განგვეხილა მომავალი ნაბიჯები. ასევე შევხვდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე წარმომადგენლებს.

მინდა ვთქვა, რომ მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო იმ თემებთან დაკავშირებით, რაც დღეს განვიხილეთ. აქ საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

ასევე, ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ მე ბრიუსელში ყველა იმ ინსტანციასთან მქონდა ურთიერთობა, რომელიც ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებშია ჩართული. ეს ინსტიტუციები მოიცავდა როგორც პრეზიდენტ მიშელს, ისე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას.

ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრება.

ვფიქრობ, რომ წინა მისია რომელიც აქ შედგა, იყო ამ საკითხების გასაცნობად და ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, ვინც მაშინ მონაწილეობა მიიღო, ძალიან კარგად იცის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები. ასევე კარგად ესმით, რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მაგრამ ეს მათ უნდა გააკეთონ, მათ უნდა მონახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს მხოლოდ ამაში დახმარება შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.

მინდა ვთქვა კიდევ ერთხლ, ახლა არის გამბედაობის საჭიროება, საჭიროება კომპრომისის. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, დემოკრატიულობის და ევროპული გზის ნიშანი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.