„ყველამ უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება ამ პოლარიზებული გარემოს დამშვიდება“ - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა პოლარიზებული გარემოსი და რომ ყველამ უნდა იფიქროს ამ გარემოს დამშვიდებაზე.

„ეს ძალადობა არის მიუღებელი და ვგმობთ მას. იმედი გვაქვს, დმანისის ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ეს ძალადობა არის ქვეყანაში პოლარიზებული გარემოს კიდევ ერთი დადასტურება, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ისევე, როგორც სხვა კამპანიების დროს ხდებოდა, სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში და ეს იწვევს ადამიანების ფრუსტრაციას. ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება ამ პოლარიზებული გარემოს დამშვიდება“, – განაცხადა მან.

გუშინ დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები, რის შედეგადაც დაიჭრა 2 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, „პუბლიკის“ ინფორმაციით, დაკავებული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილია.