ყველამ უნდა ყველგან იმუშაოს, იმაზე უარის თქმა და ამაზე – კის, ასე არ გამოვა – პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტთან ევროპარლამენტარების შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველა ჯგუფმა ერთად იმუშაოს.

„ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, კომიტეტებში, ასევე უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველაგან უნდა ვუმუშაოთ და ყველამ უნდა ყველგან იმუშაოს, იმაზე უარის თქმა და ამაზე კის, ასე არ გამოვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე ხელისუფლებაზეა.

„რამეთუ მთავარი ბერკეტები უმრავლესობის, პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში. მათ ხელშია მიღწევა ამ კანდიდატობის, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების”, – განაცხადა მან.

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების მიმართ განცხადებებს და ხელისუფლებას მათთან დიალოგისკენ მოუწოდა.

„მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ ჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმაში…

მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს მიუღებელია! არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რამე ფორმის დიალოგი იმ ადამიებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.