აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა და ახლა სულ 22 დადასტურებული დიაგნოზია. ბოქსირებულ განყოფილებაში 51 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 წლამდე ასაკის არის შვიდი. დღეს 13 პაციენტს გაუკეთებენ ანალიზს, მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ბოჭორიშვილის კლინიკაში არსებული ეპიდსიტუაცია ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელმა, მაკა სოლოღაშვილმა გააცნო.
„სასულიერო პირის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად საყურადღებო“, – განაცხადა სოლოღაშვილმა. – ერთი ახალდაინფიცირებული პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია. მას გადაედო ოჯახის წევრისგან, თუმცა უფრო შორს წყაროს, ჯერჯერობით, ვერ ადგენენ.
სოლოღაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად არის მზად კლინიკა ეპიდემიის გავრცელებასთან გასამკლავებლად.
„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება, არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი, საბედნიეროდ, ალბათ, გადაივლის ზედმეტი გართულების გარეშე. ყველაფერი არის საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის”, – მოუწოდა სოლოღაშვილმა მოქალაქეებს.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, აღჭურვილობა, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკას აქვს, ინფიცირებულთა ამგვარი ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კლინიკას 10 დღის განმავლობაში ეყოფა.
„თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა, დაახლოებით, ალბათ, 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, მაშინ ეს არაპროგნოზირებადია, იმიტომ, რომ არ ვიცით, რამდენით მოიმატებს”, – აცხადებს სოლოღაშვილი.
მისი თქმით, კლინიკა კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევების „ერთი ამდენი“ რაოდენობის მიღებას შეძლებს, საეჭვო შემთხვევები კი თითო პაციენტის თითო პალატაში მოთავსებას მოითხოვს და ეს რესურსი კლინიკაში უკვე მცირეა.