„ყველამ ყველაფერი იცის ისედაც“ - ჩირგაძე გამოკითხვის შემდეგ

პუბლიკა

ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე, რომელზეც 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებულად მიიჩნეოდა, „ფორმულასთან“ მისი გამოკითხვის შესახებ კომენტარს აკეთებს.

იზა ჩირგაძე განმარტავს, რომ სამართალდამცველები დაინტერესდნენ, ხომ არ ემუქრებოდნენ ან ხომ არ ექმნებოდა მის უსაფრთხოებას გარკვეული საფრთხე.

„წამიყვანეს იმის მხრივ, რომ ხომ იყო ყველანაირად მშვიდობა დამუქრების მხრივ. არანაირი ზეწოლა [პოლიციის მხრიდან დაკითხვის დროს]. ჩვეულებრივად იკითხეს, ვინმე რამე ზეწოლას [ხომ არ ახდენს]  ან საფრთხეში ხომ  არ ხარო. არანაირი სიტუაცია არ იყო ზედმეტი“, – აცხადებს იზა ჩირგაძე.

მისივე თქმით, გამორთული ჰქონდა ტელეფონი და არ სარგებლობდა სოციალური ქსელით, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი შეურაცხმყოფელი მოსაზრება და კომენტარი გამოითქვა მის მიმართ.

„მერჩივნა, ეს ყველაფერი მშვიდად, წყნარ ვითარებაში დამთავრებულიყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის“, – ამბობს ჩირგაძე.

„საზოგადოებას მოვუწოდებ, ტყუილს არავინ ამბობს და შეეშვან ყველას ლანძღვას. ყველამ მიხედოს თავს და ოჯახის წევრებს.

რაც იყო, დავტოვოთ ისე. ყველამ ყველაფერი იცის, არც ზედმეტს დავამატებ. ყველამ იცის, რაც მოხდა. ვაპირებ, რომ გავჩუმდე, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის ისედაც“, – აცხადებს იზა ჩირგაძე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და კოორდინატორები აღარ დაჰკავშირებიან.

იზა ჩირგაძე 90-ე უბანზე სავარაუდო გაყალბების დადგენას ელოდება, რადგან ამბობს, რომ მხოლოდ თვითონ არ იყო და უბანზე ამას ბევრი ხედავდა.


ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელმაც არჩევნების გაყალბების შესახებ განაცხადა, გუშინ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. რომელი საქმის ფარგლებში გამოიკითხა იზა ჩირგაძე, უწყებაში არ ამბობენ. ასევე უცნობია, გამოკითხა თუ არა პოლიციამ სხვა პირები.

იზა ჩირგაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 1 ნოემბერს გამართული ბრიფინგის შემდეგ ვეღარ პოულობდნენ. მას გათიშული ჰქონდა პირადი ტელეფონი და აღარ იყო ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელში.

გუშინ განცხადება გაავრცელა „სამართლიანმა არჩევნებმაც“. ისინი იზა ჩირგაძეს სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, 2 ნოემბრის დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. 3 ნოემბერს იზა ჩირგაძის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა მედიისთვის, საღამოს კი პოლიციაში მისი გამოკითხვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.


1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა, უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ. „მაძალებდა ქალბატონი ინგა, „ოცნების“ წარმომადგენელი. დამირეკა – ვინც შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და ყველა უკან გავუშვი. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ.