„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ახალგაზრდებთან მიმართებით მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის.
„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას ვგულისხმობ, თუმცა, არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა, ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ერთი რამ მინდა ასევე ვთქვა, ცდილობენ, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად ზოგადად, გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდების დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, ვისაც ორიენტაცია აქვთ არეული, არ არიან ჩვენი ჯანსაღი, ღირსეული ახალგაზრდების წევრები“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 10 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა. უნივერსიტეტში კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრდები, „რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.