„ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ვაცხადებ. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით“, – მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას ხელთ მიხეილ სააკაშვილის წერილი აქვს.
წერილში მიხეილ სააკაშვილი აღწერს, როგორ გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში და რა პოზიცია აქვს თავისი პროტესტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და შვილებთან.
როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, მათ ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე.
ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში“ და გინებაც მოაყოლა.
მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა”, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.