ყველანაირ თავდასხმას ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს | მდინარაძე

პუბლიკა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, თავდასხმის წახალისება არა „ქართული ოცნების“, არამედ წინა ხელისუფლების ხელწერაა.

„წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში „ქართული ოცნების” დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის და თუნდაც კითხვის დასმის საშულებასაც კი, რომ ვიღაცას დღევანდელი ხელისუფლება წაახალისებს. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმას ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს.

„არანაირი თავდასხმა არანაირი ფორმით არ არის მისაღები თანამედროვე საზოგადოებისთვის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და ბუნებრივია, ამას უნდა გაემიჯნოს ყველა, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ სხვა რიგითი მოქალაქე. ყველანაირ თავდასხმას, ბუნებრივია, ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს“, — განაცხადა მდინარაძემ.


„შენ ხარ გამყიდველი, ფაქტებით დაგიდასტურდება და თუ არ ჩაჯდები, მაგასაც ვნახავთ… შენ უნდა გრცხვენოდეს ხალხში სიარული და სადაც წახვალ, ყველამ ასე უნდა გაგცეს პასუხი”, – ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში კარტოგრაფების საქმის ბრალდებულს ივერი მელაშვილს ასეთი შეძახილებით მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. მომხდარის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში სოფო სამუშიამ გაავრცელა.

 

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ბრალდებულები.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.