ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია, რაც ხდება - პრემიერი

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ზუგდიდში ვიზიტისას ჟურნალისტებმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჰკითხეს, რომელიც დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე იმართება.

„ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური ის, რაც ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება. დედაქალაქში აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოდიან.

აპრილში რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესი ვერ შედგა. მათი თქმით, დიალოგი იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუ ამ პროცესში გადაწყდებოდა ჰესის აშენება/არ აშენების საკითხი. მათივე თქმით, მთავრობის პასუხში ამგვარი დაშვება გათვალისწინებული არ ყოფილა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.